ეკა ბესელიას თქმით, დავით ჭაკუა წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემას, სადაც გაუსაძლისი და არაადამიანური პირობები იყო. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სასჯელასღსრულების სისტემაში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით იმ პერიოდში არსებულ ვითარებას კარგად იცნობს, ვინაიდან საადვოკატო საქმიანობის დროს საპატიმროებში შესვლა ხშირად უწევდა.
„მახსოვს, მე იმ პერიოდში ვეწეოდი საადვოკატო საქმიანობას. ადამიანებს ვიცავდი, რომლებიც უსამართლოდ და უკანონოდ იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საშინელ არაადამიანურ პირობებში, საშინელი წამების ქვეშ. იმ პერიოდში, როცა ეს ადამიანიც წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემას, იყო გაუსაძლისი, არაადამიანური პირობები. ეს ვიცი არა გადმოცემით, არამედ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როცა შევდიოდი საპატიმროებში,”- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.