ახალი ამბები მთავარი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.  ჩხენკელის განმარტებით, სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იგივე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები,” – განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

გამოცდებისათვის დეტალურად არის გაწერილი წესები, რომლებიც ინფიცირების თავიდან ასარიდებლად აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

იტვირთბა....