დღეიდან საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
აბიტურიენტები გამოცდებს 24 საგამოცდო ცენტრში აბარებენ. ხოლო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო სივრცეებში სპეციალური წესები მოქმედებს.
საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. წელს რეგისტრაცია სულ 40 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
აბიტურიენტები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებსიცავენ. კერძოდ, გამოცდაზე შესვლამდე დაცულია 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, საგამოცდო სივრცეში შესვლამდე კი გამოსაცდელებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.
ხოლო საგამოცდო სივრცეებში, ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორებაა მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. ასევე, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50 პროცენტზე.
გამოცდებისათვის დეტალურად არის გაწერილი წესები, რომლებიც ინფიცირების თავიდან ასარიდებლად აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.