“გამოძიება არ მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით, ეს თავიდანვე გახდა ცნობილი, ვინაიდან, თუკი არის ეჭვი ძალადობრივ სიკვდილზე, ამ შემთხვევაში უნდა გავითალისწინოთ საერთაშორისო სტანდარტი – მინესოტას პროტოკოლი, რომლითაც ხდება დანაშაულის სცენის შესწავლა”
მარიამ ჯიშკარიანი, იურისტი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.