გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ფეხბურთელი თავად ჩავარდა მდინარეში, თუ ვინმემ ეს კვალის დაფარვის მიზნით გააკეთა, ოჯახისთვის ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად განზრახ მკვლელობა დარჩება.
„ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული. მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაქვი საგანი, შეიძლება – ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი. აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ – არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს. თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. რამის გამორიცხვა შეიძლება ამით? არაფერი ამით არ ხდება.
დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა. ვინ თქვა, რა ილუზიებს ქმნიან, რა ლეგენდებს ყვებიან, თითქოს განზრახ მკვლელობა გამორიცხულია და საერთოდ ამოიწურა ამაზე საუბარი? პირიქით, პირველი ვერსიაა ეგ და შემდეგ მოდის სხვა ვერსიები“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.