გიორგი წყალში არ შევიდოდა იმიტომ, რომ წყლის ძალიან ეშინოდა. ბავშვი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში. სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, ისინი დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ზურა ონაშვილმა “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
“თავიდანვე, ეჭვი მეპარება, რომ გიორგიმ იქ ჩაირბინა და ჩანთა დადო. იმიტომ რომ ეგრე ჩანთა არ დაიდება იქ, თუ ვიღაცამ არ დადო. გაქცეული ბავშვი ჩხუბის დროს გარბის, მოსაკლავად მისდევენ და ჩანთა დადოს, ეგრე არ ხდება, ეგრე ლამაზად და კარგად, როგორც არის დადებული ის ჩანთა. მეორე შეკითხვა მაქვს, არ მჯერა გამოძიების, აქამდე უნდა დაედოთ დასკვნა, ელემენტარული, ერთი მაინც, თუ ყველას, რომელიმეს უნდა პროცედურა ათი დღე და შვიდი დღე და თხუთმეტი დღე. რაღაცას ხომ უნდა ხუთი დღე, აი იმ ხუთი დღის დასკვნა მაჩვენონ. ჩემი აზრით, ბავშვი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში. სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, ისინი დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში. იმიტომ, რომ ჩანთა დევს ძალიან საეჭვოდ. წყალში, რამდენი ხანი იყო გაჩერებული? როდის ჩააგდეს წყალში? ხომ შეიძლება, ამის დადგენა, ხომ ადვილია. გიორგი წყალში არ შევიდოდა იმიტომ, რომ წყლის ძალიან ეშინოდა.” – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ზურა ონაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.