„ევროპული საქართველო“ მთავრობას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს.
პარტიის თავმჯდომარის, გიგი უგულავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში 10 ათასობით ადამიანი, რომლმებიც სეზონურად მუშაობენ, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
„მე გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ერთი და მთავარი პრობლემა დგას დღეს. უკვე წლებია, ჩვენი მოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს, დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე. მე ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილის და ჩაის საკრეფად. ჩაის სეზონი უკვე თითქმის გასულია და აგვისტოში იწყება თხილის სეზონი. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ერთი ჩვენი თანამოქალაქე 8-10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში.
ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ამავე დროს, უნდა დავუჯეროთ ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად იყენებს კორონავირუსს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა. ჩვენ ერთად უნდა შევიმუშაოთ მექანიზმები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი თანამოქალაქე. თანაცხოვრება კოვიდთან სწორედ ამას ნიშნავს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. არსებული ცნობით, საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ელ აგვისტომდე არ აპირებს.