პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას „მთავარი არხის“ რეპორტაჟთან – „ნაყიდი კოვიდ 19“ დაკავშირებით.
“დარწმუნებული ვარ, რომ რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, „მთავარი“ არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. ვერ ჩაერევიან,“-განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ ფულად თანხებს სთავაზობდნენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ „მთავარი არხის“ რეპორტაჟში: „ნაყიდი კოვიდ 19“ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები არასწორი თარგმანით განზრახ იყო დამახინჯებული. უწყების განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება 20 ივნისს, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე.