ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბუჩქებიდან ამოსვლის შემდეგ კიდევ დაგვემატა 3 ადამიანი, რომლებიც ჩვენთან ერთად ჩასხდნენ მანქანაში”

19 წლის ფერხბურთელის საქმეზე მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნაწილი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია.  პროკურატურის “ოქროს მოწმემ” გურამ ამირხანაშვილმა გამოძიებას ჩვენება ოთხჯერ მისცა, მაგრამ მისი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია, რაც ბევრ კითხვას ბადებს.

“მთავარ აქცენტებში” გაასაჯაროვეს ამირხანაშვილის ორი ჩვენება, რომელიც გამოძიებისთვის 19 და 21 ივნისს აქვს მიცემული. აღნიშნულ ჩვენებებში მოწმე სხვადასხვა გარემოებას აღწერს. კერძოდ, პირველ ჩვენებაში ნათქვამია, რომ თბილისიდან ჩამოსული „ტოიოტა კამრის“ წევრებმა მას მანქანაში ჩაჯდომა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აიძულეს, ხოლო მეორე ჩვენებაში ამირხანაშვილი ამბობს, რომ მანქანაში საკუთარი ნებით ჩაჯდა და მათ თბილისადმე გაჰყვა.

ამასთან, როგორც ჩვენებიდან ვიგებთ, „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომანქანა მას შემდეგ გამოჩნდა, როცა არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე “მერსედესის” მარკის მანქანიდან გადმოსულები ქათამაძეს გაუწორდნენ და შემდეგ კი ადგილი დატოვეს.

“მანქანის (ტოიოტა კამრის) დანახვისთანავე მე, გიორგი შაქარიშვილი და ვახტანგ ახვლედიანი გავიქეცით მდინარე არაგვის მიმართულებით უკან. ამ დროს დავინახე, რომ მანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და გამოგვეკიდნენ. მე, შაქარაშვილი და ახვlედიანი გავიქეცით უკან. შაქარაშვილი მირბოდა წინ, მიჰყვებოდა ახვლედიანი და მე უკან მივსდევდი, მათ ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს ხიდისკენ გამავალ გზაზე. მე პირდაპირ გავიცექი, რა დროსაც გზის მარჯვენა მხარეს დავინახე ფერადი შენობა და იქეთკენ გავიქეცი, გადავედი შენობის უკან და ბუჩქებში გადავხტი. ბუჩქებში რომ ვიყავი, მომიახლოვდა სამი ბიჭი, რომელთაც ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი მე ინციდენტის დროს. ერთ-ერთმა დაადასტურა ჩემი ნეიტრალური მოქმედება და მითხრეს, რომ ჩავმჯდარიყავი მათ მანქანაში და მე დავთანხდი და უკანა სალონში ჩავჯექი. სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, როდესაც ბუჩქებიდან ამოვედი, ამ ნახსენებ ბიჭებს კიდევ დაემატა სამი ადამიანი, რომლებიც ჩასხდნენ მანქანაში, სულ საერთო ჯამში იყვნენ ექვსნი და მეშვიდე მე ვიყავი. ჩვენ თბილისის მიმართულებით წამოვედით, მე მათ ვთხოვე, არაგვზე გამავალი ხიდის მიმართულებით გაეჩერებინათ, რათა ჩავსულიყავი, რათა მომეძებნა ბავშვობის მეგობარი შაქარაშვილი. რომ მითრეს, რატომ უნდა ჩავსულიყავი, მე მათ დავუმალე მიზეზი, რადგან თუ გაიგებდნენ რეალურ მიზეზს, ისინიც გაჩერდებოდნენ, აღნიშნულმა პირებმა არ გამიჩერეს მანქანა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამომიყვანეს თბილისში და ჩამომსვეს დიდუბის ავტოსადგურთაან,” – ნათქვაია გურამ ამირხანაშილის 19 ივნისის ჩვენებაში.

21 ივნისს მიცემულ ჩვენებაში ის ეპიზოდია შეცვლილი, რომ ბუჩქებიდან გამოსვლის შემდეგ, “ტოიოტა ქამრის” წევრებმა მას შესთავაზეს მანქანაში ჩაჯდომა, რაზეც უარი არ უთრხა. ხოლო, როდესაც მან თხოვა, ხიდზე მანანა გაეჩერებინათ, რადგან უნდოდა ხიდზე დარჩენილიყო, პასუხი მიიღო, რომ ღამე მარტოს ვერ დატოვებდნენ.

“კატეგორიულად არ მითქვამს, რომ გაეჩერებინათ და დავეტოვებინე ხიდზე. თუ დამტოვებდნენ, შესაძლოა თავადაც დარჩენილიყვნენ და ამით შაქარაშვილი და მეგობარი პირები მოეძებნათ და ამით საფრთხეს მოვარიდე შაქარაშვილი. ამიტომ ამ პირებისთვის კატეგორიულად არ მომითხოვია, თუმცა, ვფიქრობ, თუ კატეგორულად მოვთხოვდი მანქანის გაჩერებას, ისინი გააჩერებდნენ,” – ნათქვამია ამირხანაშვილის 21 ივნისის ჩვენებაში.

გარდა იმისა, რომ ამირხანაშვილის ამ ორ ჩვენებაში განსხვავებულ ინფორმაციას ვიღებთ, საინტერესოა ერთი ეპიზოდიც. კონკრეტულად, საინტერესოა ის მონაკვეთი, სადაც ამირხანაშვილის ცნობით,  მანქანაში ჩაჯდომამდე, მათ გზიდან კიდევ სამი პირი დაემატა. ჩვენ ვიცით, რომ  თბილისიდან ჩასული “ტოიოტა კამრის“ მარკის მანქანაში სულ ექვსი პირი იმყოფებოდა, მანქანიდან ექვსივე მათგანი გადმოვიდა. მათგან სამი, ამირხანაშვილის ჩვენების მიხდვით, თავად ამირხანაშვილთან მივიდა ბუჩქებთან და ის გამოიყვანა,  ხილო მერე სამი პირი რა მიმართულებით წავიდა, ჩვენებიდან არ ჩანს. ისმის კითხვა, სად იყო ის სამი პირი, რომლებიც პირველ სამ პირს და ამირხანაშვილს გზაზე დაეწია და შემდეგ ყველა ერთად ჩაჯდა მანქანაში?! მითუმეტეს, ეს კითხვა ჩნდება იმის ფონზე, როცა მოწმე ვახო ახვლედიანი ამბობს, რომ მან ბოლოს, დაინახა, როგორ მისდევდა 3 პირი შაქარაშვილს.

ანუ, საუბარია ვახო ახვლედიანის ჩვენებაზე, სადაც სავარაუდოდ, სწორედ ამ სამ პირზეა საუბარი, რომლებიც, ახვლედიანის თქმით, გიორგი შაქარაშვილს მისდევდნენ. ანუ, მას შემდეგ, რაც “ტოიოტა კამრის” მანქანიდან ექვსი პირი გადმოვიდა, სამი ამირხანაშვილის მიმართულებით წავიდა, სამი კი შაქარაშვილის მიმართულებით. ამასთან, შეგახსენებთ, რომ, ამირხანაშვილის ჩვენების თანახმად, ახვლედიანი იყო ის ადამიანი, რომელიც გაქცევის დროს, შაქარაშვილის უკან მირბოდა. სწორედ ის იყო ადამიანი, რომელმაც გარდაცვლილი ფეხბურთელი უკანასკნელად ნახა. ამას ჩვენებაში თავად ახვლედიანიც ადასტურებს და ამბობს, რომ შაქარაშვილი მის წინ მირბოდა, რომელსაც “ტოიოტა ქამრიდან” გადმოსული სამი პირი მისდევდა.

“ჩვენ ექსვისე ერთად გადავედით თბილისის მიმართულებით და ფეხით გავყევით თბილისისკენ. მანქანა არავინ გააჩერა. რამდენიმე ასეული მეტრის გავლის მერე მდინარე არაგვის მხარეს რომ გადავდიოდით, დაგვეწია მოვერცხლისფრო-მოთეთრო მანქანა, რომლის სერიაც არ მახსოვს. მანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 5 ადამიანი, რომლებმაც ცემა დაუწყეს ქათამაძესა და ღიბრაძეს. შემდეგ ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ და დანარჩენებიც უკან გამოჰყვნენ. რომელიც გამოიქცა პირველი, მე დამარტყა სახეში და ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი. დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემს საცემლად. შედეგად მე და ჩემს გვერდზე მყოფი სამი ბიჭი გავიქეცით, მათ შორის შაქარაშვილიც. ისინი გატრიალდნენ, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ გავარგრძელეთ გზა თბილისისკენ, მე, ჩემმა მეგობარმა ქათამაძემ და იმ სამმა ახალგზარდა ბიჭმა, მათ შორის შაქარაშვილმა. იქ ღიბრაძე აღარ დამინახავს, ქათამაძისთვის უნდა მეკითხა, სადაა ეს ღიბრაძე-მეთქი, რა დროსაც დაგვეწია ავტომანქანა(“ტოიოტა ქამრი”), არ მახსოვს ფერი და სერია, მაგრამ იყო სხვა მანქანა. გაჩერდა ჩვენთან და როგორც კი გაიღო კარი და დააპირეს გადმოსვლა, ყველა ერთად მოვტრიალდით უკან და მცხეთის მიმართულებით გავიცევით, გვეძახდნენ, სად გარბიხართო და თან გაგვინებდნენ, ხიდზე გადავკვთეთ გზა, გადავედიტ გზის მეორე მხარეს, გავრბოდით. მე როგორც კი ხიდზე გადავედი, ეგრევე ჩავუხვიე გზას დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, იქვე ვნახე ბუჩქები და დავიმალე ბუჩქებში. ხოლო სხვები რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგან იყო სიბნელე.. მე სანამ ბუჩქებისკენ ჩავუხვევდი, დავინახე ჩემს წინ მირბოდა შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი ვინც მოგვსდევდნენ(სამი პირი), გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. ხოლო შემდეგ თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს,”  – ნათქვამია ვახო ახვლედიანის ჩვენებაში.

ახვლედიანის ჩვენებიდან ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილის “ტოიოტა ქამრის” მარკის მანქანიდან გადმოსული სამი პირი მისდევდა და ეს იყო ბოლო სურათი, რაც გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით იქ მყოფმა იხილა. ამის შემდეგ, შაქარაშვილი აღარავის უნახავს. ხოლო, ამირხანაშვილის ჩვენებას თუ გავიხსენებთ, როდესაც “ტოიოტა ქამრით” ჩამოსულებიდან სამი პირი მას ახლდა, ამ დროს იგივე მანქანიდან მყოფი სხვა სამი პირი მათ გზაზე დაეწია, მანქანაში ჩასხდნენ და თბილისისკენ ერთად წავიდნენ. ვინ იყო ის სამი ადამიანი, რომელიც, ახვლედიანის თქმით, შაქარაშვილს მისდევდა და შესაძლოა თუ არა, ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც, ამირხანაშვილის თქმით, მანქანაში ჩაჯდომამდე  მათ დაეწივნენ და თბილისში ერთად წავიდნენ?! ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელიც ამ დრომდე ინტენსიურად მუშაობს.

ამ დრომდე კი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და  17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ვიდეოკადრები გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....