ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არცერთ კადრში არ ჩანს არასრულწლოვნის ძალადობა და მისი რაიმე სახის კონფლიქტში ჩართვა” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი, გიორგი გელხაური, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მის კონფლიქტში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფენ ასევე მოწმეები.

“გუშინ, ჩვენ ღამის 11:30 წუთზე გადმოგვეცა აღნიშნული მტკიცებულებები. ფაქტობრივად, დაცვის მხარეს იმის საშუალება არ მოგვეცა, რომ პირველი წარდგენილი სხდომისთვის მოვმზადებულიყავით და ჩვენი არგუმენტაცია სასამართლოსთვის მიგვეწოდებინა – ეს ცალკე, ერთი დარღვევა. რაც შეეხება ჩვენებებსა და საქმის მასალებს, საკმაოდ მოზრდილი ტომი მხოლოდ ჩვენებები შეიკერება ამ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან. გარწმუნებთ, არც ერთი მოწმე არ საუბრობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი პირი რომელიმე კონფლიქტში მონაწილეობდა. არცერთი მოწმე არ საუბრობს ჩემი დაცვის ქვე მყოფ პირზე, რომ მან ვინმეს რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ჩვენ გადმოგვეცა კადრები, სადაც მითითებულია ბრალდების მხარის ახსნა-განმარტებით, რომ ძალადობა იყო. არცერთ კადრში არ ჩანს არასრულწლოვნის ძალადობა და მისი რაიმე სახის კონფლიქტში ჩართვა”, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, გურამ ამირხანაშვილს არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება აქვს მიცემული და “კითხვა ჩნდება, რომელ ჩვენებას დაუჯერა პროკურატურამ”.

“ახლა ხელში მაქვს ოთხი გამოკითხვის ოქმი. ეს არის 19 ივნისის,21, 23 და 25 ივნისის გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის საუბრობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც მცხეთასთან არსებულ ხიდთან შეხვდნენ. არის კიდევ მეორე ჩვენება, სადაც გურამ ამირხანაშვილი საუბრობს, რომ მის მიმართ არანაირი იძულება არ ყოფილა. ეს ჩვენებებია და შემიძლია დეტალურად გაჩვენოთ. ანუ, რასთან გვაქვს საქმე? გურამ ამირხანაშვილის არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაა. ისმის კითხვა, რომელ ჩვენებას ვუჯერებთ, რომელ ჩვენებას დაუჯერა პროკურატურამ და რატომ დაუჯერა იმ ჩვენებას, სადაც ამბობს, რომ თითქოს იძულების წესით წაიყვანეს ზემოთ აღნიშნულმა პირებმა თბილისში. არცერთ ჩვენებაში არ საუბრობს, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენეს ავტომობილში აღნიშნულმა პირებმა, არცერთ შემთხვევაში არ საუბრობს, რომ ვინმე მას ფიზიკურად გაუსწორდა. სად არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სად გადის ზღვარი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თბილისში ჩაყვანას შორის. ასე რომ, მსგავსი ჩვენების საფუძველზე არასრულწლოვანს რომ ბრალს წაუყენებ, რომლის სანქციაც 7-დან 10 წლამდე ითვალისწინებს, ეს იმას ნიშნავს,რომ ჩვენ არასრულწლოვნის ინტერესებს არ ვითვალისწინებთ. გურამ ამირხანაშვილმა არ დაადასტურა, რომ არასრულწლოვანმა მას რაიმე სახის დაზიანება მიაყენა ან კონფლიქტში იყო ჩართული”, – აცხადებს გიორგი გელხაური.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.

იტვირთბა....