ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 28 ივნისს, 09.30 საათზე გაიმართება.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.

იტვირთბა....