გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მშობლებსა და ახლობლებს, საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
“ლევან და თამარ შაქარაშვილების ოჯახს და ახლობლებს
მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო და გვსურს თანადგომა გამოგიცხადოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში.
თუმცა, სწორედ ახლა უნდა განამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია.
მისმა უკვდავმა, ნათელმა სულმა მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლის კარიბჭე შეაღო და ამ წიაღის მკვიდრი გახდა.
ამიტომ გულისტკივილი მასთან მხოლოდ დროებით განშორების გამო უნდა გვქონდეს და შევძლოთ ლოცვითი ურთიერთობით მივუახლოვდეთ.
ჩვენის მხრივ აღვავლენთ ლოცვებს გიორგისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა“- ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.
19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.