საგარეო უწყებამ და ეკონომიკის სამინისტრომ ერთმანეთთან გადაგვამისამართეს
საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსენება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების მისაღებად პირველი ივლისიდან უკვე მზად უნდა ყოფილიყო, შესაბამისად რეგულარული ფრენეზე დაწესებული შეზღუდვებიც უნდა მოხსნილიყო.. თუმცა ამ დრომდე მთავრობას არ გამოუქვეყნებია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთანაც პირველ ეტაპზე საზღვრებს გახსნიდა.
ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ საქართველოს მთავრობა ფრენების განახლების თაობაზე.მოლაპარაკებებს აწარმოებდა პარტნიორ ქვეყნებთან. პირველ რიგში კი ავიამიმართულებების აღდგენა იგეგმებოდა იმ ქვეყნებთან, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საერთაშორისო დაჯავშნის სისტემაში ავიაბილეთები მოქალაქეებისთვის უკვე ხელმისაწვდომიც გახდა და მათ რიგი მიმართულებებით ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ. თუმცა, დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით რეგულარული ფრენები ივლისის ბოლომდე არ განახლდება.
მართალია, მინისტრს ფრენების შეზღუდვის გადაწევაზე დადასტურებული ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მაგრამ მისი გამოსვლიდან რამდენიმე საათში სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოქალაქეებს ოფიციალური განცხადებით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის პირველ აგვისტომდე არ განახლდება და მათ მოუწოდა, თავი შეიკავონ ბილეთების შეძენისაგან.
ვიდრე ნათია თურნავა განცხადებას გაავრცელებდა, “მეტრონომი” ფრენების განახლების თემაზე მასალას უკვე ამზადებდა და შესაბამისი კითხვებით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდაძემ “მეტრონომს” განუცხადა, რომ ვინაიდან უკვე ოფიციალურად გადავადდა ავიამიმოსვლის აღდგენა, ამ ეტაპზე ჯერ ვერ დაასახელებს, საქართველო რომელ ქვეყნებთან განაახლებს ფრენებს.
ხოლო, კითხვაზე, ამ დრომდე მთავრობა კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და გამოიკვეთა თუ არა სახელმწიფოები, რომლებთანაც საქართველო მზად იყო ავიამიმოსვლა განეახლებინა, კალანდაძე პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა.
“ქვეყნებთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამიტომ, თუ თქვენ უფრო პოლიტიკურ ჭრილში გაინტერესებთ, როდის და როგორ იდება ხელშეკრულებები, მიმართეთ საგარეო უწყებას. ხოლო, რომელ ქვეყანასთან იგეგმება ფრენების განახლება, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, რადგან ერთი თვით კიდევ გადაიწია შეზღუდვებმა, ამაზე ლაპარაკი დღეს ძალიან ადრეა. აქამდე, არცერთი ქვეყანა არ ყოფილა გამოკვეთილი, რომელთანაც ფრენები შესაძლოა განახლებულიყო,”- განაცხადა გიორგი კალანდაძემ.
ამის შემდეგ “მეტრონომი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დაინტერესდა, არსებობს თუ არა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა ფრენების განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ანდა ორმხრივი შეთანხმებაც უკვე გაფორმებული იყო. საგარეო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძრვანელმა, ბელა გომურაშვილმა გვითხრა, რომ ფრენების საკითხზე მოლაპარაკებები მისი უწყების კომპეტენცია არაა და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.
ვიდრე ოფიციალური წყაროებიდან გავიგებთ ამ დრომდე რომელ ქვეყნებთან იწარმოებოდა მოლაპარაკებები და რა მიზეზით გახანგრძლივდა პირველ აგვისტომდე ფრენებზე დაწესებული შეზრუდვები, მკითხველს შევასხენებთ, რომ აქამდე საქართველო მზად იყო, ისრაელიდან ტურისტები პირველი ივლისიდან მიეღო. თუმცა, როგორც მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, პარტნიორ ქვეყნაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა და ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სთხოვეს, ფრენები ჯერ არ განახლებულიყო.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines–ი საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლებას პირველი ივლისიდან გეგმავს. იგივე გეგმა აქვს თურქულ ავიაკომპანია Turkish Airlines-საც. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ორ ქვეყანას საქართველოსგან არ მიუღია ოფიციალურად დადასტურებული თანხმობა/ნებართვა ფრენების განახლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაუგებარია, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ამ ორ ავიაკომპანიასთან და რატომ ჭიანურდება ფრენების აღდგენაზე ნებართვის გაცემა ამ ქვეყნებისთვის.
“მეტრონომის” დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ მოიპოვა იმ ქვეყნების სია, რომელთანაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნა იგეგმებოდა. მართალია, ავიამიმოსვლები პირველ აგვისტომდე არ განახლდება და მთავრობას დრო აქვს, ამ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპაკებები აწარმოოს. თუმცა, ჩნდება კითხვა, თუ დღემდე ცნობილი იყო, რომ საერთაშორისო ფრენები პირველი ივლისიდან დაიწყებოდა, 5 დღით ადრე რატომ გადაწყდა შეზღუდვის გახანგრძლივება და 5 დღით ადრე რატომ არ არსებობდა იმ ქვეყნების სია, რომელთანაც საზღვრის გახსნა იგეგმებოდა?! რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილება, თუ რომელ უწყებას უნდა ემუშავა კონკრეტულად ამ თემაზე. ამის დასტურია ის, რომ მასალის მომზადების პროცესში სამინისტროები ერთმანეთთან გვამისამართებდნენ. შეგნებულად არიდებდნენ ისინი თავს ამ თემაზე საუბარს, თუ მოუმზდებლები იყვნენ 5 დღით ადრე ფრენების მისაღებად, მკითხველმა თავად განსაჯოს.
“მეტრონომი” საკითხზე მუშაობას გააგრძელებს და შეეცდება გაარკვიოს, არსებობდა თუ არა ქვეყნების სია, რომელთანაც საქართველოს მთავრობა მზად იყო ავიამომისვლების აღსადგენად და რა პრინციპით ხდებოდადა ხდება ორმხრივი შეთანხების დადება. ამასთან, საინტერესოა, როგორ იმართება ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების პროცესი და ოფიციალურად, რომელი უწყებები მონაწილეობს მასში. ამ თემაზე განახლებულ მასალას “მეტრონომი” მკითხველს აუცილებლად შესთავაზებს.
თათია შაიშმელაშვილი