ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან რეგულარული ფრენების განახლება ივლისის ბოლომდე გადაიდოს.
მინისტრის თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენა მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
“დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენები შეზღუდვის გადაწევა ალბათ ივლისის ბოლომდე. რეგულარული ფრენების აღდგენა, პირველ რიგში, არის დამოკიდებული მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და თუ ვისთანა გვაქვს ეს რეგულარული ფრენები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ გადავავადებთ და ალბათ გადავავადებთ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას სრული მასშტაბით, იქნება ჩარტერული ფრენები. ეს არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ახლა რომ სრული მასშტაბით გაგავეხსნა ფრენები”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფრენები პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო. თავდაპირველად ქვეყანა მოლაპარაკებას აწარმოებდა ისრაელთან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისრაელში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, ვიზიტორების შემოსვლის საკითხი გადაიდო.
“მეტრონომი” ამ საკითზე მუშაობს და შესაბამისი კითხვებით ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა. როდის განახლდება საერთაშორისო ფრენები და რომელ ქვეყნებთან, ამის შესახებ მასალას გამოცემა შემოგთავაზებთ.