ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დავით აღმაშენებელთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, მასზე ბევრად ჩქარა გამიხსენებენ” – სააკაშვილი

ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, დიმიტრი გორდონთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას ქართველი ხალხი საუკუნეების შემდეგაც გაიხსენებს. მისი თქმით, დავით აღმაშენებელთან შედარებით, არავინ არ არის, მაგრამ მასზე ბევრად ჩქარა გაიხსენებენ.

„ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ.

ვფიქრობ, რომ არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ქართველები ახლაც მაფასებენ. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მას არ ვედრები, მაგრამ იგი ხუთი საუკუნე არავის გახსენებია, მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა. ის ცუდად ახსოვდათ, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ან კალიგულა ყოფილა, თუმცა მაინც ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად ჩქარა გამიხსენებენ კარგად. ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული რევოლუციაა. შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ისევ საქართველოს პრეზიდენტი, სააკაშვილმა აღნიშნა: “არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს. ვნახოთ, რა იქნება”.

იტვირთბა....