“არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ განმარტა, კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის. თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი.
„მოქალაქეებს აინტერესებთ, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც მსოფლიოში გლობალური პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და „კოვიდ-19“-ით კვლავ, სამწუხაროდ არიან ინფიცირებული მოქალაქეები. არიან ადამიანები, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ და ჯერ კიდევ რჩება რისკი მთელ მსოფლიოში, რომ „კოვიდ-19“-ის მართვა, დამარცხება, მისი სრულად განეიტრალება რამდენად იქნება შესაძლებელი. თუმცა, აქ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და მინდა, დღეს მაქსიმალურად ამოვწურო ეს საკითხი, განსაკუთრებით მედიის საყურადღებოდ – ზუსტად ჩვენი მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში დააკონკრეტა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი და დააკონკრეტა, რადგან ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაციები.
მოგეხსენებათ, წარსულში, კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის, კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი ჩვენს მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი. კომისიის მუშაობის ფარგლებში, დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, რომ არც ერთხელ არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით საკითხი არ ყოფილა დასმული, არ ყოფილა არც ასეთი ინიციატივა და არ ყოფილა არც ამასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე. მით უმეტეს რაიმე გადაწყვეტილება. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ – ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.