“ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ არხის ნებისმიერ თანამშრომელს, არის ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, საქართველოს ხელისუფლების უპირველესი მოკავშირის რუსეთის მხრიდან თუ სხვა რომელიმე ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან.”
ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური მდივანი
ამის შესახებ გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.
მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.