იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხმიანება.
როგორც ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რასაც “ენჯეოები” ითხოვენ, სამართლიანია და თუ პოლიტიკურ საქმიანობას გადაწყვეტს, ის კანონის შესაბამისად მოიქცევა.
“რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვიცი და გასაგებია, რომ საზოგადოებაში არის დიდი ინტერესი, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებშიც და არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. ბოლო რამდენიმე კვირაში უკვე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ვიდრე მე ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი და ვახორციელებ საზოგადოებრივ საქმიანობას, ვფიქრობ, რომ ამ საბჭოში ჩემი ხმა ძალიან მნიშვნელვანია ქვეყნისთვის, და როგორც კი გადავწყვეტ, პოლიტიკურ საქმიანობას შევუდგე, ამას საზოგადოებას თავად გავაგებინებ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც კანონის შესაბამისად მივიღებ.
არაერთ განცხადებაში ვთქვი და ვციტირებ, თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას გადაწყეტს, ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭო უნდა დატოვოს,”- აცხადებს ანა დოლიძე.
7 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მოუწოდებს, თუ ის მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, თანამდებობა დროულად დატოვოს.