ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გადავწყვიტე მაჟორიტარი ვიყო. ვიფიქრე, რომ უნდა ვიყო პარლამენტში…” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

ძალიან ბევრი ადამიანის თხოვნის შემდეგ ვიფიქრე, რომ უნდა ვიყო პარლამენტში – ამის შესახებ, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის, მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, ის ამას ყველა იმ ადამიანისთვის აკეთებს, რომლებიც მახინჯი სისტემისგან დაიჩაგრნენ.

“ამ ორი წლის და ხუთი თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანის შესაძლებლობებს გადავაბიჯე, იმდენი ჯოჯოხეთი გამოიარე, ყველაფერი გავაკეთე ქვეყნის საზოგადოების იმ ნაწილისთვის რომ მეთქვა, თემირლანი არ ყოფილა დამნაშავე.

თავიდან, ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული ტელეკომპანია „იმედის“ და სუს-ის ომი ბევრმა ადამიანმა დაიჯერა. ორი სახელმწიფო მებრძოდა, ცალკე ტელევიზია და ცალკე მთლიანად სახელმწიფო სისტემა. მე ეს ბრძოლა გავაგრძელე იმისთვის, რომ ხვალ სხვა ადამიანებს არ დაეკარგათ იმედი, მიეღწიათ სამართლისთვის, თუ მსგავსი დანაშაული კიდევ მოხდებოდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემ ტკივილთან ერთად იმ ადამიანების ტკივილი და გაუბედურებული, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების ტკივილიც დაემატა.

ძალიან ბევრი ადამიანის თხოვნის შემდეგ ვიფიქრე, რომ უნდა ვიყო პარლამენტში. დღეს ვხედავ როგორ მექცევა თუნდაც პარლამენტი და ყველა სახელისუფლებო ორგანო. ამის გამო გადავწყვიტე, ხომ არ იქნებოდა ჩემი სამართლიანობის მისაღწევად უკეთესი, რომ ვიყო მაჟორიტარი. ამას ვაკეთებ არამარტო ჩემი გულისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უსამართლოდ დაიჩაგრნენ მახინჯი სისტემისაგან. მხედველობაში მყავს მახინჯი სასამართლო, მახინჯი პროკურატურა და მახინჯი პარლამენტი.

მაჩალიკაშვილს რა უნდა პარლამენტშიო რომ იძახიან, თუ გავითვალისწინებთ ვინ ზის დღეს პარლამენტში, მაჩალიკაშვილი შეიძლება ამერიკის სენატშიც დასვან“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იტვირთბა....