ახალი ამბები კვლევები მთავარი პოლიტიკა

“მეტრონომის” გამოკითხვა, რომელშიც 10 000 მოქალაქე მონაწილეობდა – პრემიერობის სასურველ კანდიდატთა ხუთეული

“მეტრონომმა” ჩაატარა ონლაინ-გამოკითხვა, თუ ვის ისურვებდნენ მოქალაქეები მომავალი პრემიერის პოსტზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ისევ გრძელდება და გაზეთის უკვე 10 000-ზე მეტმა მკითხველმა მისცა ხმა, სურათი უკვე გამოიკვეთა. აქვე აღვნიშნავთ, რომ “მეტრონომის” გამოკითხვას არ აქვს პრეტენზია გაუტოლდეს, ან თუგინდ შეედაროს რომელიმე სოციოლოგიურ კვლევას. აღნიშნული აქტიურობა, მხოლოდ ჩვენი გაზეთის მკითხველების აზრის დაფიქსირებას ემსახურება მიზნად. ხაზგასასმელია ისიც, რომ ტექნიკურად, შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ერთი მოწყობილობიდან რამდენჯერმე მისცეს ხმა.

კანდიდატების სია შეირჩა “მეტრონომის” დაკვირვების საფუძველზე, ბოლო დროს, მედიასა და სოციალურ ქსელში გაჟღერებული პერსონების მიხედვით, ანუ, მოქალაქეების მიერ დასახელებული სხვადასხვა კანდიდატებით.

ამ ეტაპზე, 10 ათასი გამოკითხულიდან 47 პროცენტით ლიდერობს ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია. მეორე ადგილზეა ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგის ერთ-ერთი აქტიური ფიგურა გიორგი ვაშაძე 12 პროცენტით, მესამეზე – ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი 7 პროცენტით, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილებს 5 პროცენტიანი მაჩვენებლით, “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ინაწილებენ.

მცირე ანალიზის შემდეგ გაჩნდა გარკვეული კითხვები. მაგალითად, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც სიის სათავეშია, ხმების მხოლოდ 4 პროცენტი მიიღო. გადამისამართდა თუ არა ივანიშვილის ხმების რესურსი გახარიასკენ და რატომ? მითუმეტეს, დღემდე არ წყდება საუბრები, რომ თუკი ივანიშვილი პრემიერი გახდება, რაღაც დოზით შეწყდება საუბრები ჩრდილოვან მმართველობასთან დაკავშირებით.

ამასთან საინტერესოა, ოპოზიციური ფლანგიდან რა მიზეზით გალიდერდა გიორგი ვაშაძე, რომლის კანდიდატურის მიმართ ოპოზიციაშიც არ არის ერთიანი პოზიცია. რატომ აქვს ასე დაბალი რეიტინგი დავით ბაქრაძეს, რომელიც ბოლო კვლევებში ყოველთვის ავანგარდში იმყოფებოდა. კანდიდატთა სამეულში აღმოჩენილი სანდრა რულოვსი იქნება თუ არა ის ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ სათვალავში და ექნება თუ არა მას პოლიტიკური წონა არჩევნების წინ? და ბოლოს, რას ნიშნავს ანა დოლიძისა და ზურაბ ჯაფარიძის 5-პროცენტიანი მაჩვენებელი, გაჩნდება თუ არა მათი სახით ახალი წონიანი პოლიტიკური ფიგურები ქართულ პოლიტიკაში?

ამ კითხვებით, ჩვენ ანალიტიკოსებს დავუკავშირდით, რომელთა შეფასებებსაც გთავაზობთ:

გია ხუხაშვილი: “გახარიამ იმ ტიპის უნარები გამოავლინა, რაც ვთვლი, რომ ივანიშვილს არ აქვს. ივანიშვილი, ვფიქრობ, რომ დღეის მდგომარეობით უფრო ანტიგმირია, ვიდრე გმირი. როგორც ჩანს, ამომრჩევლებს ივანიშვილის მართვის უნარებთან აქვთ პრობლემები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არის კანონზომიერი შედეგი. გახარია დღეს გარვეულწილად არის ავტორიტეტი, და ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ფლობს ძალაუფლებას და რესურსებო მთლიანად აქვს მონოპოლიზებული”.

ვახტანგ ძაბირაძე: “ის, რომ გახარიასა და ივანიშვილის მხარდამჭერებს შორის დიდი სხვაობაა, არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხმები გადამისამართდა გახარიასკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, ისინი სიტუაციას რეალურად აფასებენ. თვლიან, რომ ივანიშვილი გახარიას მიმართაა კეთილგანწყობილი, ამიტომაც უჭერენ მას მხარს. ვინც გახარიას მხარი დაუჭირა, მათ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი არ დაბრუნდება პოლიტიკაში, ამიტომ არსებული ვითარებიდნ გამომდინარე თვლიან, რომ დღეს “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე კარგი კანდიდატურა გახარიაა. ამიტომ უჭერენ მხარს გახარიას და არა იმიტომ, რომ მას ცალკე აღებულს აქვს დიდი რეიტინგი. მას რეიტინგი აქვს, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც აქაა საუბარი”.

გია ხუხაშვილი: “ვფიქრობ, ადამიანები ეძებენ იდეებს, სიახლეებს… ამ მხრივ ყველაზე აქტიურად ვაშაძე გამოიყურება და როგორც ჩანს, აღიქმება საინტერესო კანდიდატურად. ამიტომაც მიიღო საკმაოდ დიდი მხარდაჭერა”.

ვახტანგ ძაბირაძე: “ვაშაძის კანდიდატურა დასახელდა. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს სხვაა, მაგრამ ამ შემთხვევაში პოპულარული გახდა. რადგან ოპოზიციაში არავინ სახელდება ამ დრომდე, ვინ იქნება კანდიდატი, ამიტომაც დაუჭირეს მხარი ვაშაძეს. მაგრამ, ბოლო,ს ოპოზიცია ვისაც დაასახელებს კანდიდატად, იგივე პროცენტით და გაცილებით მეტიც დაუჭერს მხარს იმ დასახელებულ კანდიდატურას. ვაშაძე საკმაოდ აქტიური და პოზიტიურია, მაგრამ ჩემი აზრით, რაღაც თემებში ცოტა იჩქარა, ამიტომაც, არათუ პრემიერობა, მგონი თბილისში მაჟორიტარის ადგილის მოპოვებაც გაუჭირდება”.

გია ხუხაშვილი: “დავით ბაქრაძეს რაც შეეხება, პრემიერის პოსტი, ეს ხომ არაა უბრალოდ ლამაზი სიტყვების მატარებელი, ხო? აქ მმართველობისა და მენეჯმენტის უნარებზეა ლაპარაკი. კი ბატონო, ბაქრაძე როგორი პოლიტიკოსია, ეს ცალკე თემაა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი მაინც აღქმულია, როგორც მართვის უნარების მქონე ადამიანი და ბაქრაძე ამ მხრივ მაინცდამაინც არ გამოირჩევა”.

ვახტანგ ძაბირაძე: “დავით ბაქრაძის კანდიდატრას რაც შეეხება, მას არ აღიქვამენ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს. მას აღიქვამენ, რომ არის რბილი პოლიტიკის გამტარებელი და მოთხოვნა უფრო არის, მკაცრი პოლიტიკის გატარებაზე. ამიტომ, არ აღიქვამენ ამ ტიპის პოლიტიკოსად. ბაქრაძე პოპულარულია, მაგრამ როგორც კი თანამდებობას მიაბამ, მაშინვე შეფასებები იწყება. ამ შეფასებაში კი ბაქრაძის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა”.

გია ხუხაშვილი: “რაც შეეხება სანდრა რულოვსის კანდიდატურას, ასეთ თემას არასერიოზულად ვუყურებ, ამაზე კომენტარსაც კი არ გავაკეთებ. მე მას პოლიტიკაში ვერ ვხედავ”.

ვახტანგ ძაბირაძე: “ხოლო, შესაძლებელია თუ არა სანდრა რულოვსი პრემიერობის კანდიდატად დასახელდეს, შესაძლებელია და სრულიად რეალურიცაა, რომ ის  პოლიტიკურ თამაშებში მოგვევლინოს. უფრო მეტიც, შესაძლოა სწორედ ეს იყოს ის ქალბატონი, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია დაასახელებს პრემიერობის კანდიდატად”.

გია ხუხაშვილი: “ანა დოლიძეს და ზურა ჯაფარიძეს წარმატებას ვუსურვებ, თუმცა, მათ ფიგურებს სერიოზულად არ განვიხილავ”.

ვახტანგ ძაბირაძე: “ზურა ჯაფარიძე უკვე არის პოლიტიკაში, ვნახეთ მისი რეიტინგი. რაც შეეხება ანა დოლიძეს, ის არის საკმაოდ ენერგიული ფიგურა, წარმატებული, საკმაოდ პრინციპული. ასე რომ, გასაკვირი არაა, მას 5% რომ აქვს. სწორედ იმიტომ, მას “რკინისხელიან” ქალბატონად აღიქვამენ, რამდენად შეძლებს ამ იმიჯის შენარჩუნებას, ეგაა საქმე. თუ შეძლებს ამას, არჩევნებში საკმაო წარმატება ექნება”.

“მეტრონომმა” ონლაინ-გამოკითხვა 4 ივნისს დაიწყო და ამ დრომდე მასში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მინაწილეობა. ყველა მოქალაქეს შეუძლია გამოკითხვაში საკუთარი აზრის დაფიქსირება და სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა. (მიეცით ხმა ამ ლინკზე) გამოკითხვა გრძელდება, ხოლო თუ სურათი შეიცვლება, “მეტრონომი”განახლებულ შედეგებსს შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....