ცნობილმა სამედიცინო ჟურნალმა “ლანცეტმა“ კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების “ჰიდროქსიქლოროქინით“ (პლაქვენილით) მკურნალობის რისკების შესახებ პუბლიკაცია უკან გაიწვია.
ამის შესახებ განცხადება თავად ჟურნალმა გაავრცელა.
„ლანცეტის“ განცხადების თანახმად, სტატიის ოთხი ავტორიდან სამმა უარი განაცხადა თავიანთ კვლევაზე, რადგან ვერ შეძლეს იმ მონაცემების დამოუკიდებელი შემოწმების ჩატარება, რომელიც მათ ანალიზს საფუძვლად ედო. შედეგად, დაასკვნეს, რომ ვეღარ აგებენ პასუხს მონაცემთა პირველად წყაროების უტყუარობაზე.
ჟურნალის რედაქცია აღნიშნავს, რომ სტატია უახლოეს დროში განახლდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო პრეპარატების კვლევიდან მედიკამენტი “ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღო. “სოლიდარობის კვლევიდან“ აღნიშნული პრეპარატის ამოღების მიზეზი სამედიცინო გაზეთ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, ვინც “პლაქვენილს“ იღებდა, გულის პრობლემებით მათი გარდაცვალების რისკი იზრდებოდა.
პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ, 27 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მკურნალობის მეთოდიდან პრეპარატ “პლაქვენილს“დროებით ამოიღებენ.