ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

“ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო.

ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად მოხალისეობრივად მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი, ზემო სვანეთის ლაგი დაფუძნებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ENPARD III მესტიის ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეა ავსტრია“ და „პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი ახორციელებენ, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია ზემო სვანეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი საზოგადოების დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა.

საქველმოქმედო აქცია ზემო სვანეთში გლობალური პანდემიის ფონზე აპრილში დაიწყო და 180-მდე შემომწირველის დახმარებით უკიდურესად გაჭირვებულ 128 შშმ პირსა და მარტოხელა ხანდაზმულს გადაეცა პირველადი  მოხმარების პროდუქტები და სურსათი. „ვისოლი“ საქველმოქმედო აქციის მეორე ეტაპს შეუერთდა.

„შშმ პირები, მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანები, მარჩენალდაკარგულები და სოციალურად დაუცველები COVID-19 ვირუსის გავლენით დაზარალებულებს შორის ყველაზე მაღალი რისკჯგუფები არიან.  მათ, სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილებისა და პროდუქტებით მომარაგების პრობლემებიც აქვთ. შესაბამისად, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მოხალისეების ინიციატივა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მოხარულნი ვართ, რომ „ვისოლის“ მცირე ძალისხმევით ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას,  პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს მიიღებენ“, – აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

პანდემიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში „ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის მერიასთან, წითელ ჯვართან და სამოქალაქო მოძრაობა „მეგობართან“ ერთად განხორციელებული საქველმოქმედო აქციებით რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცის, შშმ პირისა და მრავალშვილიანი ოჯახის მომარაგება შეძლო თბილისის მასშტაბით.

იტვირთბა....