პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლაში მეორე, ე.წ. ვირუსის შენელების ეტაპი 26 თებერვალს დაიწყო, როცა ქვეყანაში პირველი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გახარიას თქმით, მეორე ეტაპზე მთავრობამ დაიწყო შეზღუდვების დაწესება, რითიც ხელი შეუშალა ვირუსის ფართო გავრცელებას.
“შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით მივითეთ შემდეგი გადაწყვეტილებები: შეჩერდა სასწავლო პროცესი. მოგეხსენებათ, ჩვენთან ოჯახების სტრუქტურა განსხვავდება ევროპისგან. ჩვენთან ერთ ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობს, ამიტომ ამით დავიცავით უფროსი თაობები. შესაძლოა ბავშვებს სკოლიდან, ან სხვა ადგილიდან მოეტანათ ვირუსი და ამით უფროსი თაობის წარმომადგენლისთვის ვირუსი გადაედოთ. ამიტომ შეჩერდა სასწავლო პროცესი. ამავე დღეს, 4 მარტს, სასაზღვრო-გამშვებ პუნტებზე დაიწყო მოქალაქეების ტერმოსკრინინგი და ტესტირება.
5 მარტს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიზღუდა პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნები. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 780 თანამშრომლის ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა, რათა ეს სისმეტა ვირუსისგან სრულად დაგვეცვა და იცით, რომ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ამ სისმეტაში ვირუსის გავრცელების შემთხვევა არ გვქონია,”- აცხადებს გახარია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 12 მარტიდან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა და 15 მარტიდან სამთო-სათხილამურო კურორტების დაკეტვაც.
“ამავე პერიოდში შეიქმნა სპეციალური საიტი, stopcov.ge, ეს არის სივრცე, საიდანაც ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებით. და დღეს მოქალაქეები ინფორმაციას პირველ რიგში იღებენ ამ საიტიდან, და არა მედია საშუალებებიდან,”- აღნიშნავს გახარია.
ამასთან, პრემიერის თქმით, თავდაპირველად დაწესებული ყველა შეზღუდვა ატარებდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს.
“ამაზე მინდა ხაზი გავუსვა, სარეკომენდაციო ხასიათის იმიტომ იყო, რადგან გვესმოდა, რამდენად რთული იყო ესა თუ ის შეზღუდვა ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის. თუმცა, მარტის მეორე ნახევრიდან ვირუსის შიდა გავრცელება გახდა ფაქტი და ამ გავრცელების ტემპი საკმაოდ გაიზარდა,”- აცხადებს გიორგი გახარია.