ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეზღუდვების მოხსნისთანავე, შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ, ჩვენ შევდივართ მეორე და შეიძლება ითქვას, უფრო რთულ ფაზაში”- ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშლილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ კორონავირუსი დამარცხებული არ არის და ქვეყანა ახლა უფრო მეტად რთულ ფაზაში შედის.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე განაცხადა, სადაც დღევანდელ დღესტან დაკავშირებით მთავარი ღონისძიება ტარდება. სალომე ზურაბიშლილმა  თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ყოფნის დროს, სადაც მათ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ქვეყანაში კორონავირუსის ფონზე შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა ახლა ქვეყანას სჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის.

“ამ წარმატებამ არ უნდა მოგვადუნოს. ჩვენ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე და შეიძლება ითქვას, უფრო რთულ ფაზაში. პირველ რიგში, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე, შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ, ეს ასე არ არის. აწი ჩვენზე, ინდივიდუალურად და კოლექტიურად იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთქებისა და მეორე ტალღისაგან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება უნდა მოემზადოს ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად და ეს მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას.

დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. თუმცა, საქართველოს 26 მაისი საზეიმო ღონისძიებით თავდაცვის ძალების ყველა ქვეით ბრიგადაში აღინიშნება.

იტვირთბა....