ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, რადგან არაფერი ჩაუდენია” – ჩოგბურთელის ადვოკატი

ნიკოლოზ ბასილაშვილს ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილი უახლოეს მომავალში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის.

„მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. მთავარია, რომ მას შეეფარდა გირაო და უახლოეს მომავალში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დანაშაულს არ აღიარებს, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ ჩაუდენია.

საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა. ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მის მტკიცებულებებიც არ არსებობდა. პროკურატურამ რა თქვა, არ მაინტერესებს, ბავშვისა და ბასილაშვილის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, კომენტარს არ ვაკეთებთ. გირაოსთან დაკავშირებით პოზიციას არ გავაჟღერებთ. ​ბასილაშვილებისგან არ მაქვს უფლება, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრო. არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია. თუკი ძალადობას ექნებოდა ადგილი, ბუნებრივია, ნიკოლოზ ბასილაშვილიც იქნებოდა დაკავებული. ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია, ეს აისახა იმაში, რომ ის გათავისუფლდა გირაოთი“, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იტვირთბა....