პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ლოგიკური ნაბიჯი იქნება, ხელისუფლებამ უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ გიორგი რურუაც რომ შეიწყალოს.
ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძემ “მეტრონომთან” ინტერვიუში გიორგი რურუას პატიმრობიდან შესაძლო გათავისუგლებაზე საუბროსას განაცხადა.
ძაბირაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” მხრიდან იყო არასწორი ნაბიჯი, როცა უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება საერთაშორისო საგნად აქცია.
“რურუა რომ პატიმრობიდან გათავისუფლდება, თითქმის დარწმუნებული ვარ. მას შემდეგ რაც პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ახლა რურუა რომ არ გაათავისუფლონ, ეს იქნება სრულიად გაუგებარი მოქმედება.
აქამდე, ხელისუფლებამ, როცა საერთაშორისო საგნად გახადა უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება, “ქართული ოცნების” მხრიდან იყო არასწორი ნაბიჯი და შეცდომა. იმიტომ, რომ თუ მათი გათავისუფლება არ უნდოდათ, მაშინ 8 მარტის შეთანხმება არ უნდა შემდგარიყო, ან ძალიან კონკრეტული უნდა ყოფილიყო. მაგრამ თუ შეთანხმდნენ, მერე ეს შეთანხმება უნდა შეასრულონ,”- აცხადებს ძაბირაძე.
რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს, პოლიტოლოგის თქმით, უმჯობესია, ხელისუფლებამ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს და “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე შემდეგ გაათავისუფლოს.
“რაც შეეხება რურუას, აქ ვითარება ცოტა საჩოთიროა ოცნებისთვის. მე ვფიქრობ, უკეთესი იქნება, რომ თუ ხელისუფლებას ექნება გარანტირებული მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და აგროვებს 113 ხმას, ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს, იმაზე რაზედაც არიან შეთახმებულები და შემდეგ რურუას აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს გირაოთი. ასეთი მიდგომა ხელისუფლებას გარკვეულ რეაბილიტაციას მოუტანს,”- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს.წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
თუმცა სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.