ევროპარლამენტარის სვენ მიქსერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი, რომელიც ორი ოპოზიციონერის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხება, პოლიტიკურად სწორად გადადგმული ნაბიჯია.
ამის შესახებ სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტუტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის.
“მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გზას გაუხსნის პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას. რა თქმა უნდა, არის კიდევ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა მოხერხდეს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასულ კვირას პრეზიდენტის შეწყალებამ უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს საშუალება მეტად მოხდეს მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. მიუხედავად კოვიდ-19 გამო დაკარგული დროისა, სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტუტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე“,-განაცხადა მიქსერმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.
ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს უკავშირდება და მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. თუმცა სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა.