სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების მისაღებად, თვითდასაქმებული პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, რომელიც პირველ ივლისამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს და ამბობს, რომ რეგისტრაციის გავლა მხოლოდ თვითდასაქმებული პირებისთვისაა სავალდებულო.
თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.
ხოლო, ამ ტიპის თვითდასაქმებულებს, რომლებიც რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, სპეციალური ცნობის წარდგენა არ დასჭირდებათ.
იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულებისთვის დახმარების გაცემა მარტივია და მათ ამისთვის მხოლოდ ჯანდაცვის ვებგვერდზე განთავსებულ სპეციალურ პორტალზე უნდა შეავსონ შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი
- ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
- ბანკის ანგარიში, სადაც თანხა დაირიცხება.
“ესენი არიან ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე მეწარმეები, მიკრომეწარმეები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს სახელმწიფოს,”- აცხადებს ბარკალაია.
რაც შეეხება მეორე კატეგორიის თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი შემოსავლების სამსახურში, მათ ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გარდა უნდა წარადგინონ დამადასტურებელი ცნობა, რომლითაც 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებათ.
ამ კატეგორიის თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გაიხსნა სპეციალური პლატფორმა, სადაც მათ რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ.
ამ კატეგორიის თვითდასაქმებულ პირებს მიეკუთვნებიან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში ან სხვა ნებისმიერი ფორმალური აღრიცხვა არ არსებობს.
წარდგენილი დამადასტურებელი ცნობები განიხილება კომისიური წესით, სადაც ჩართული იქნება, როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. განხილვის შემდეგ კი უმოკლეს ვადაში განხორციელდება დახმარებების გადარიცხვა თითოეულ მოქალაქეზე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ყველა თვითდასაქმებული მოქალაქე, ვინც პანდემიის დროს სამსახური დაკარგა, სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებს.