ევროპარლამენტარი, დემოკრატიისა მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, “კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად.”
ევროპარლამენტარს reedom House-ის ბოლ ანგარიში მოჰყავს მაგალითად, სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.
“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.
დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია „ქართული ოცნების“ მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
კრამონის თქმით, საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია და ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს საქართველოს მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე.
„ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე“,- წერს კრამონი მის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ელოდებიან.
ამ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები განაახლეს. პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.