ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ყველა ფერმერი სამელიორაციო საფასურისგან გათავისუფლდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ფერმერი საქართველოში, რომელთა რაოდენობა 42 000-ია, 2020 წელს  სრულად გათავისუფლდება სამელიორაციო საფასურისგან.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.

მისივე თქმით, ფერმერებს, 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი  უფასოდ ექნებათ.

„თითოეული ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა,  სასათბურე  მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით, ეს იქნება გრანტი. ფერმერებს, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს  მიმართონ 20 მაისიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, გეგმის ფარგლებში, სახელმწიფოს დახმარება დაახლოებით 200 ათას ფერმერს შეეხება, დახმარების სრული ბიუჯეტი კი, 300 მლნ ლარი იქნება.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ასევე, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

იტვირთბა....