ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თეიმურაზ შარაშენიძის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინული მხარე საქართველოს პოზიციას გაგებით მოეკიდა

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მმართველმა გუნდმა კონსულტაციისთვის გამოიწვია,  საქართველოში დაბრუნდა.

შარაშენიძის განცხადებით, კიევიდან გამომგზავრბამდე მას შეხვედრა ჰქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც გააცნო ოფიციალური თბილისის პოზიცია ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობებს, მისი თქმით, ქართული მხარე ყველა ძალისხმევას გამოიყენებს, რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს კიდეც.

ელჩის თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური თბილისის პოზიციას გაგებით მოეკიდნენ, შემდგომში ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებისა და გაღრმავების იმედიც გამოთქვეს.

“უკრაინულ მხარეს ჩემი პოზიცია არ გაკვირვებია და გაგებით შეხვდა. ჩემს გზავნილებზე ისაუბრეს პრესაშიც და თავიანთი შეფასებაც მისცეს. ჩემი გამოძახება კონსულტაციებზე და ქართული მხარის პოზიცია ყველასთვის ცნობილია. ბოლო დღეებში ამაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმაც და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც. ქართული მხარისთვის მიუღებელია სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, საქართველოში მსჯავრდებული პირის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა. რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობებს, ქართული მხარე ყველა ძალისხმევას გამოიყენებს, რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს კიდეც პარტნიორული ურთიერთობა. ამაში ჩვენი უკრაინელი პარტნიორებიც გვეთანხმებიან.“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახა.

იტვირთბა....