საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
მინისტრის თქმით, შემდგომ ნაბიჯად არ განიხილება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთიბის გაწყვეტა ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა კითხვებს ბადებს.
“სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე,”- განაცხადა დავით ზალკანიანმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.