“მე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს, ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავი მოთხოვნების დაყენება, უბრალოდ შეუძლებელია. ჯერ ერთი ვადასტურებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, კონკრეტული სასამართლო პროცესები, რომლებიც არის დასრულებული, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაცა ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი ან ან ვიღაც ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლებრივი საკითხები, რომელზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ჩემთვის ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და შეუძლებელია.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი.
აღნიშნულით გიორგი გახარია ჟურნალისტებთან 8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.
ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა და განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.