ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ვიტყოდი, რომ ახლა არის სწორედ პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა ქვეყანამ მინიმალური დანაკარგით დაძლია. აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება.

„თანდათან მცირდება ახალი პაციენტების რიცხვი, ანუ მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდეგ ქვევითკენ წავიდოდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა არის სწორედ პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო. გარანტირებულად ვერ გეტყვით, რომ მატება აღარ იქნება, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ,სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ ახლა ვიმყოფებით პიკზე, რომელსაც პლატოს სახე აქვს და წესით არ უნდა იქნეს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე – ერთი ათეული, ან ორი ათეული. მე პირადად მგონია, რომ თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდაც ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, თუ ასეთი რამ არ იქნება, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ. ინფიცირების 626 შემთხვევა და მხოლოდ 10 გარდაცვლილი, ეს ევროპაში ერთ- ერთი საუკეთესო ან საუკეთესო მაჩვენებელია,“ – განაცხადა ცერცვაძემ მცხეთაში, მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკაში სტუმრობის შემდეგ.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, მცხეთაში მდებარე მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკაში,  ამ დროისთვის 14 პაციენტი მკურნალობს და არცერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე.

„აქ სულ ჰყავდათ 17 პაციენტი, მათგან 3 გაწერეს და ახლა ჰყავთ 14. სხვა ყველა კლინიკასთან შედარებით, სადაც მე ვყოფილვარ, ამ კლინიკაში არის შედარებით მსუბუქი ფორმის პაციენტები, პაციენტების დაახლოებით ნახევარი ჰყავთ საშუალო სიმძიმის. კრიტიკული ავადმყოფები საბედნიეროდ აქ ჯერ არ ჰყავთ, მაგრამ ძალიან კარგად მოწყობილი რეანიმაციული განყოფილება აქვთ 18 საწოლზე. სწორედ ამ ნიშნით შეირჩა ეს ცენტრი. გარწმუნებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მოწყობილი კლინიკა, რომელიც არ ჩამოუვარდება სხვა წამყვან კლინიკებს,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....