“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესები თავისი ვიწრო პოლიტიკური ბოღმის გამო არ უნდა დააზარალოს.
“ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როგორც მინიმუმ, უხერხულობა შექმნა. ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესები თავისი ვიწრო პოლიტიკური ბოღმის გამო არ უნდა დააზარალოს. თუკი „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სამარცხვინო ისტერიკა, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყდება, ეს იქნება მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობებისთვის და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინა და საქართველო განიხილებიან, როგორც ერთი მთლიანობა რეგიონში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ეს მიიღონ მხედველობაში.“ – განაცხადა კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.