ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ წარდგენილ სოციალურ პაკეტში თვითდასაქმებულების საკითხი ბუნდოვანია და ეს უსამართლობის განცდას იწვევს.
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, სოციალური პაკეტი საყოველთაო უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მიზნობრივი ჯგუფების დახმარება ყოველთვის კორუფციის რისკებს ზრდის.
“რაც შეეხება სოციალურ პაკეტს, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ. ეს არაა საკმარისი და ამას თვითონაც აღიარებენ. ეკონომიკური იმ გეგმაში არაფერია, მხოლოდ სოციალურია. ხოლო, თვითდასაქმებულების საკითხი აბსურდია თავისთავად. თავის დროზე თვითდასაქმებულად სოფლის მახსოვრებელი ითვლებოდა. როცა სჭირდებოდათ ასეთ სტატისტიკას ატარებდნენ და ახლა როცა სჭირდებათ, უკუღმართ სტატისტიკას ატარებენ.
სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყველა თვითდასაქმებულია, ვინც რამეს აკეთებს. ეს არაა რეგულარული სამსახური, ეს არის ისეთი საქმიანობა, როცა შესაძლოა კვირაში, ან თვეში 2-3 დღე მოახერხოს მუშაობა. ამიტომ ეს სოციალური დახმარება უნდა ყოფილიყო უნივერსალური, შეიძლება იგივე თანხა არ გამოსულიყო, უფრო ნაკლები იქნებოდა, მაგრამ თანასწორობა იქნებოდა. როდესაც რაღაც გაუგებარი კრიტერიუმებით შენ რაღაც სეგმენტზე ცდილობ გახვიდე, ეს ყოველთვის აჩენს კორუფციულ რისკებსა და სერიოზულ უსამართლობის განცდას,”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.
სოციალური დახმარება გათვალისწინებულია, ასევე, პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისაც.