„ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს არ გვიმართავს არც ერთი გვერდი, რომელიც სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას გაავრცელებდა ან სიძულვილის ენისკენ იქნებოდა მიმართული”, – ამის შესახებ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არცერთი მსგავსი გვერდით არ ოპერირებს და პარტიის მიერ ასეთი არცერთი გვერდი არ არის დასპონსორებული.
„ახალი არაფერი არ მომხდარა კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სერიოზული პროპაგანდისტია. დღეს, მამუკა მდინარაძემ მისი არსებობა უარყო, რაც სასაცილოა. „ფეისბუქმა“საქართველოში სოციალური ქსელი ბევრჯერ გაწმინდა, მათ შორის პირდაპირ იყო მითითება, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდნენ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული და აფინირებული საიტები.
კოკა ყანდიაშვილისა და შალვა რამიშვილის ტრიო რომ დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ტროლები, ბოტები და საჯარო მოხელეები სერიოზულ სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ.რამდენიმე დღის წინ, ჩემს პირად გვერდზე თავად გავხდი საჯარო მოხელეების მხრიდან სერიოზული შეტევის მსხვერპლი, ისინი ტროლებივით მობილიზდნენ. ეს ახალი არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებსა და „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.