ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სიკვდილიანობა კორონავირუსის დროს – ბონის უნივერსიტეტის კვლევა

ჰაინსბერგის მუნიციპალიტეტი გერმანიაში Sars-Cov-2-ის გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევა, ამ რეგიონში გამართული კარნავალის შემდეგ ჰაინსბერგი იყო პირველი გერმანული მუნიციპალიტეტი, რომელშიც პათოგენი ფართოდ გავრცელდა და ადამიანთა ფართო მასები დააინფიცირა – ამის შესახებ ინფორმაციას, “პუბლიკა” ავრცელებს.

არსებული ცნობით, მკვლევართა ჯგუფმა კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლის დასადგენად პირველი მასშტაბური კვლევა ჩაატარა და ამ კვლევის შედეგები უკვე ხელმისაწვდომია მეცნიერებისა და საჯარო აუდიტორიისთვის.

კვლევის ფოკუსი ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებლის (IFR) დადგენა იყო, რაც ინფიცირებული ადამიანების საერთო მაჩვენებელთან შეფარდებით ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის დადგენას გულისხმობს.

„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზა პირველად გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვთვალოთ, რა მასშტაბით გავრცელდა ვირუსი საკარნავალო ღონისძიებების შემდეგ. განგელტის ოლქის მოსახლეობის, დაახლოებით, 15 პროცენტი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვთვალოთ ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებელი (IFR). ვირუსის აფეთქების შემდეგ განგელტის ოლქში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,37 %-ია”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

გერმანიაში ვირუსის შედეგად გარდაცვალების 6 700 შემთხვევის მაჩვენებლის ექსტრაპოლაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 1,8 მილიონი შემთხვევაა ნავარაუდევი, ამის მიხედვით, არაიდენტიფიცირებული შემთხვევების რაოდენობა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას (3 მაისის მონაცემებით – 162 496) 10-ჯერ აღემატება.

დასკვნის მიხედვით, ინფიცირების შემთხვევების 20% ასიმპტომატურია, სიმპტომების აღწერილობა კი კიდევ ერთი ასპექტია, რომელსაც კვლევა ზემოაღნიშნული მოიცავს; კვლევის მიხედვით, ყნოსვისა და გემოს აღქმის უნარის დაკარგვა ინფექციის ყველაზე აშკარა სიმპტომებია.

„ყველა ჯანმრთელი ადამიანი, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით, შესაძლებელია, გაუცნობიერებლად ვირუსის მატარებელი იყოს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს და ამ ინფორმაციასთან შესაბამისობაში ვმოქმედებდეთ”, – განაცხადა ჰიგიენის ექსპერტმა.

 

იტვირთბა....