ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ხარვეზები აქვს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას – “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს.

ცენტრის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დოკუმენტით გართულებულია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა იდენტიფიცირება.

“მნიშვნელოვანია, რომ გეგმის მიზნობრივი დახმარების ჯგუფი მხოლოდ ფორმალურ სექტორში დასაქმებულებით არ შემოიფარგლა. ამავდროულად, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა, უნივერსალურობის პრინციპის უგულებელყოფით, წინასწარ სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებას გულისხმობს, რაც გაართულებს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა იდენტიფიკაციას.

ცხადია, ასეთ დროს ამ პირებისათვის ბევრად უფრო რთული იქნება, დაასაბუთონ, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დასაქმებულნი. გეგმა ამ პრობლემასთან დაკაშირებულ საკითხებს ბუნდოვანს ტოვებს. მეორე მხრივ, არსებული სოციალური დაცვის სისტემებში პრობლემების დანახვა აჩენს იმედს, რომ ხელისუფლება გამოასწორებს ხარვეზიან პრაქტიკას, რის შემდეგაც გამარტივდება მსგავსი ჯგუფებისა თუ პირების იდენტიფიკაცია”, – აღნიშნულია ცენტრის ანგარიშში.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ხაზს უსვამს, რომ, გეგმის მიხედვით, სოციალური დახმარების მიმღები ყველაზე მოწყვლადი ოჯახებიდან (0-დან 65,000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით) დახმარებით ისარგებლებენ მხოლოდ ისინი, რომელთაც 16 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ. ცენტრის შეფასებით, ეს მიდგომა არ პასუხობს რეალურ გამოწვევას, რაც მსგავსი სხვა ოჯახების წინაშე დგას.

“გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულისთვის ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარია გამოყოფილი, როცა დაქირავებით დასაქმებულისთვის ეს თანხა 6 თვის განმავლობაში 1200 ლარია. ეს მიდგომა ვერ ჩაითვლება სამართლიანად იმ თვითდასაქმებულთათვის, რომლებიც შემოსავლის წყაროს დაკარგვის მაღალი რისკის ქვეშ დგანან.

ასევე, აუცილებელია, სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილში მოიაზროს იმ პირებისა და ოჯახების მხარდაჭერა, რომლებიც უცხოეთიდან გზავნილებზე იყვნენ ფინანსურად დამოკიდებულნი და პანდემიის გამო დარჩნენ ამ შემოსავლების გარეშე. მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად შეხვდეს კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი მიგრანტების დაბრუნებას და მათი სოციალური გარანტიები არ იქნას საგანგებო მდგომარეობის პირობებში უგულებელყოფილი. მეტიც, აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერება, სურვილის შემთხვევაში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად”, – ნათქვამია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიშში.

შეგახსენებთ, 24 აპრილს პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

სოციალური დახმარება გათვალისწინებულია, ასევე, პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისაც. გეგმის განსახორციელებლად ჯამში 3.5 მილიარდი ლარია განსაზღვრული. 

იტვირთბა....