ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება”- გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები თუ არ შესრულდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაჭირდება.

ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, ქვეყანა ახლა ორ ფრონტზე იბრძვის და ეკონომიკური აღორძინების საკითხი პირველ რიგში გადადის და ამ საკითხის მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს.

“ყველას კარგად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ისიც კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში, ყოველდღიურად, მეორე ფრონტი, ეკონომიკური აღორძინებისა და აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში, ეს საკითხი ხდება სულ უფრო აქტუალური, პრობლემური, მისი მოგვარება აღარ უნდა გადაიდოს

მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის წესებში ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია და ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს. ხვალიდან მუშაობას განაახლებენ ავტოსარემონტო კომპანიებიც.

ამასთან, ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესეულ შეზღუდვებს, ამ საკითხზე მთავრობა კვირის განმავლობაში იმსჯელებს.

იტვირთბა....