პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირება განხორციელდება, რათა ქვეყანაში სამუშაო ადგილები მაქსიმალურად შენარჩუნდეს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გახარიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებიც შედის.
მიისვე თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, მხარდაჭერას მიიღებენ.
“ჩვენ მოვახდენთ როგორც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების, ასევე მთავრობის დადგენილების ინიცირებას. „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომელიც მიღებული იქნა საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რომელიც პირდაპირაა მიმართული, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც გულისხმობს იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. მერწმუნეთ, ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა, მიიღებს ასეთ მხარდაჭერას”, – აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
ცნობისთვის, სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია და ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს.
ამასთან, ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესეულ შეზღუდვებს, ამ საკითხზე მთავრობა კვირის განმავლობაში იმსჯელებს.