ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩაიკეტება თუ არა ყვარელი – კახეთში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

“ექიმი, რომელსაც დღეს კახეთში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს”, – ამის შესახებ ბრიფინგზე კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში პირველ მაისს დაიწყო პისიარ ტესტირებები რისკჯგუფებში, პირველ რიგში კი, ექიმების გამოკვლევა.

„ტესტირების შედეგად ყვარელში ერთ ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, რომელიც უკვე გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, თბილისში. ადგილობრივი შტაბი დილიდან შეკრებილია, ეპიდემიოლოგები კი, მუშაობენ ყველა კონტაქტის დადგენაზე. ინფიცირებული ქალბატონი „ევექსში“ იყო ექიმი. მოძიებულია ოჯახის წევრების კონტაქტებიც.

დავიწყებთ ყველა მოძიებული კონტაქტის სწრაფი ტესტებით გამოკვლევას. დაზუსტებით რთულია თქმა, ვინ არის წყარო. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა ციფრს სჭირდება გადამოწმება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 60 პაციენტთან იმყოფებოდა აღნიშნული ექიმი გამოძახებაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გაცილებით ნაკლებ პაციენტთან არის ნამყოფი, ყველა გამოძახებაზე გასვლა დათვლილია, ვიცით ასევე ყველა თანამშრომელი“, – განაცხა დაირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევის გამო რისკჯგუფში მყოფი ყველა ადამიანი კარანტინში გადავა.

„მზად გვაქვს უკვე კარანტინის სივრცე, მკაცრი თვითიზოლაცია იქნება. ჯერჯერობით ქალაქის ან რომელიმე სეგმენტის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გუბერნატორის განცხადებით, ჩაიკეტება თუ არა ყვარლის მუნიციპალიტეტი ან რა დამატებითი რეგულაციები გახდება საჭირო, მოგვიანებით, ე.წ. სწრაფი ტესტების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა კახეთში.

დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კორონავირუსით 8 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....