პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში დაღუპულია 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს, ეს ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მე-8 შემთხვევაა.
რატიანის თქმით, ქალს აღენიშნებოდა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე ქრონიკული პათოლოგიებით დატვირთული ანამნეზი – გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე.
„სამწუხაროდ, დღეს დილისთვის ერთი პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. ეს არის 72 წლის ქალბატონი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შემოვიდა. ძირითადი დიაგნოზი არის კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით, სეფსის, სეპტიური შოკი, ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში ამ ქალბატონს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა მეორე, მესამე კლასის; არტერიული ჰიპერტენზია; მორბიდული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ ამ დილისთვის დაფიქსირდა გულის გაჩერება, ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა კახეთში. დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კორონავირუსით 8 პაციენტია გარდაცვლილი.
საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.