დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მარნეულში „პისიარ“ ლაბორატორია ადგილზევე შეიძლება მოეწყოს – ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ მარნეულის მერიაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე განაცხადა.
„ზოგადად, ქვემო ქართლმა შეადგინა მთელი ქვეყნის დაზიანების 32 პროცენტი, ანუ 189 შემთხვევა გვაქვს მთლიანად. ეს განაწილებულია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში. იცით, რომ ძალიან გვეშინია, რუსთავში არ გაგვეპაროს რამე. ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის. გარკვეულად კონტროლდება წალკა და დმანისი. დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროში 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა არის.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღეს ჩვენ გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა დღეს და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან ოთხი არის მარნეულში, ოთხი თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. ამიტომ, რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უნდა გამკაცრდეს რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გამოვლენილი, რომ გადავიყვანოთ სამკურნალოდ, არ გავრცელდეს ინფექცია.
ვიცი, რომ ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან. ამიტომ, როგორმე უნდა მოვახერხოთ იქ ლიდერების მეტად ჩართვა ამ პროცესში, რომ დაარწმუნონ ხალხი თერმოსკრინინგზე პირველ რიგში, მერე აქტიურ გამოკვლევაზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ მოვახერხეთ, მარნეულშივე მოვაწყოთ რამე ლაბორატორია, რათა თბილისში ტარება ნაცხების არ მოგვიწიოს. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეც ვფიქრობთ, რომ მოეწყოს „ავერსის“ ან „ჯეოჰოსპიტალსის“ ბაზაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა კახეთში.
დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კორონავირუსით 8 პაციენტია გარდაცვლილი.
საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.