ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საკარანტინო ღონისძიებები ხან უნდა შემსუბუქდეს, ხანაც გამკაცრდეს” – ზურაბ გურული

“მჯო-ს ექსპერტ, დოქტორ რაიანის განცხადების თანახმად შვედური მოდელი იდეალურია. მაგრამ რამდენად იმუშავებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს მოდელი?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული წერს.

როგორც გურული აცხადებს, შვედური მოდელი, დიდი ალბათობით, იდეალური მხოლოდ შვედეთისთვის იქნება.

“დიდი ალბათობით შვედური მოდელი მხოლოდ შვედეთისთვის იქნება იდეალური, რადგან რისი განხორციელებაც მოხერხდა შვედეთში, იმას სჭირდებოდა შვედური სამოქალაქო დისციპლინა და პოლიტიკური სისტემა.

ისევ ისტორიას თუ მივუბრუნდებით და ესპანური გრიპის დროინდელ შედეგებს გადავხედავთ, მკაცრმა რეგულაციებმაც და ლიბერალურმა რეგულაციებმაც ზუსტად ერთნაირი შედეგი მოიტანეს მსხვერპლის თვალსაზრისით. ესეიგი, არცერთი უკიდურესობა არ მუშაობს და ოქროს შუალედია მოსანახი. ეს შუალედი კი რეგულაციების მუდმივი და მოქნილი ცვლილებები უნდა იყოს, რომლის დროსაც საკარანტინო ღონისძიებები ხან უნდა შემსუბუქდეს, ხანაც გამკაცრდეს; იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ვირუსის გავრცელების ტემპები.

ჯერჯერობით ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ ემორჩილება პრევენციის უკვე ჩამოყალიბებულ მეთოდებს. მთავრობებმა უნდა მიიღონ ლოგიკური და აზრიანი რეგულაციები, რათა მოქალაქეებს მათ მიმართა აგრესია, უნდობლობა და პროტესტი არ გაუჩნდეთ. მხოლოდ ამ გზით იქნება მოსახერხებელი ვაქცინის შექმნამდე ( ან ვირუსის მოულოდნელ გაქრობამდე ) მინიმალური დანაკარგებით მიღწევა”, – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

“თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლის მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელია, თუ გვსურს ისეთ საზოგადოებაში დავბრუნდეთ, როგორშიც იზოლაციამდე ვიყავით” – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.

 

იტვირთბა....