აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საუდის არაბეთს რუსეთთან ნავთობის ფასზე ომის შეწყვეტის მიზნით ულტიმატუმი წაუყენა – ინფორმაციას ამის შესახებ, “როიტერი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრამპმა არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს ტელეფონით ესაუბრა და აუწყა, რომ თუ ოპეკი (OPEC) ნავთობის წარმოებას არ შეამცირებდა, ტრამპი ვერაფერს გახდებოდა იმ კანონმდებლების წინაშე, რომლებიც საუდის არაბეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყვანას აუცილებლად მოითხოვდნენ.
“75-წლიანი სტრატეგიული ალიანსის დასრულების მუქარა, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო, აშშ-ის მხრიდან საუდის არაბეთზე ზეწოლის მთავარი იარაღი გახდა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ნავთობის წარმოების შემცირებაზე გარდამტეხი გლობალური შეთანხმება რეალობად აქცია, ხოლო თეთრ სახლს დიპლომატიური გამარჯვება მოუტანა” – წერს “როიტერი”.
„როიტერის“ წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ულტიმატუმით იმდენად გაოცებული იყო საუდის არაბეთის ლიდერი, რომ თავის თანაშემწეებს ოთახის დატოვება სთხოვა საუბრის განმარტოებით გასაგრძელებლად.