ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმედია, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც პრეპარატ “რემდესივირს” მიიღებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს კომპანია “გილეადთან” მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, ამიტომ ქვეყანამ უკვე მიმართა მწარმოებელს, რათა პრეპარატი “რემდესივირი“ მისცეს.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ცერცვაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც პრეპარატს  მიიღებს და თუ დღევანდელი იმედები გამართლდა, ამით ქვეყანა წინ  კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს.

“დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესივირი“ კარგია. რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა საქართველოს მისი მიღების შანსი, თავიდანვე, როდესაც ამ პრეპარტზე კვლევა დაიწყო, მის მისაღებად მთელი მსოფლიო რიგში იდგა. იმის გამო, რომ ჩვენთან ძალიან ცოტა ინფიცირებულია და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი, ამ რიგში უშანსოდ ვიქნებოდით, რადგან ჯერ ბუნებრივია, იმ ქვეყნებს დააკმაყოფილებდნენ, სადაც ბევრი გარდაცვლილი და ინფიცირებულია, მაგრამ ჩვენს მთავრობას ერთი პრივილეგია აქვს, ფარმაცევტული კომპანია „გილეად საიენსი“ საქართველოს C ჰეტატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის უფასო მედიკამენტებს აწვდის, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიარდია. საერთოდ, დიდ პატივს სცემს ეს კომპანია საქართველოსა და მის ჯანდაცვას, ვინაიდან ერთად ვაკეთებთ C ჰეპატიტის ელიმინაციას. ჩვენმა ხელმძღვანელობამ ისარგებლა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ მისცენ. არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მას მიიღებს და თუ დღევანდელი იმედები გამართლდა, ამით საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, კომპანია “გილიადის” წარმომადგენელმა ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო მედიკამენტებზე ჩატარებული საერთაშორისო ტესტირების შედეგები წარუდგინა.

ანტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ჩატარებულმა კვლევებმა პრეპარატ “რემდესივირზე” პოზიტიური შედეგები აჩვენა.

ფაუჩის თანახმად, პრეპარატ “რემდესივირმა”, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებზე იქნა გამოყენებული, სიმპტომების, ასევე, სიკვდილიანობის დონე შეამცირა.

“კვლევამ დაადასტურა, რომ პრეპარატს შეუძლია ვირუსის დაბლოკვა”,- განაცხადა ანტონი ფაუჩიმ.

 

იტვირთბა....