დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთობლივი ღონისძიებების გატარების შედეგია, რომ დღეს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენოს ზრდა კონტროლირებადია.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, როცა ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპი იწყება, სწორედ ამ დროსაა საჭირო, ჩატარდეს გაფართოებული ლაბორატორიული კვლევები.
“როდესაც შეზღუდვითი ღონიძიებების შემსუბუქება ხდება, აუცილებელია, უფრო ფართომასშტაბიანი და უფრო ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR კვლევაზე. ასევე მეორე მხრივ, აუცილებელია ჰოსპიტალური სისტემის და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა. აი, ამ მიმართულებით მიდის ახლა ქვეყანა. ვფიქრობ, რომ აქამდე გატარებულმა ზომებმა, რაც სახელმწიფომ, საზოგადოებამ – ყველამ ერთად გაატარა, მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენთან ინფექცია ჯერჯერობით ისევ დუნედ იზრდება, ანუ არ გვაქვს დიდი ნახტომისებური ზრდები,”- აცხადებს გამყრელიძე.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდია და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ყველა ქვეყნისთვის შიდა გავრცელების დაწყებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირა გახლავთ ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო კვირები და მოსახლეობას მოვუწოდებ, ყველა რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, დავიცვათ. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზანებით გამოვა,“ – აღნიშნა გამყრელიძემ.