ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ საქართველოს 3 რეგიონის 1,16 მლნ ევროს მხარდაჭერა გამოაცხადა

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სოფლის მეურნეობის სექტორში, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, (რომელიც წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის პროექტს) სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთისთვის 1,16 მლნ ევროს მხარდაჭერა გამოაცხადა. მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე.

პროექტში ჩართვა შეუძლია, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს, საოჯახო სასოფლო-მეურნეობებისთვის, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის ჯგუფებისთვის, და ასევე ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებს გარეთ დაფუძნებული სუბიექტები/ობიექტებისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რომლებიც ორგანული პროდუქციის შეძენას ახორციელებენ ჩამოთვლილი რეგიონებიდან.

დადგინდა სიაც თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსში მონაწილე პროექტი/იდეა და რომელ პრიორიტეტულ სფეროებს უნდა ეხმიანებოდეს:

  1. მცირე ფერმერების წახალისება, რომ გადაერთონ კონვენციური/სტანდარტული მეურნეობიდან ორგანულ მეურნეობაზე;
  2. უკვე არსებული ორგანული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლება და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
  3. პროდუქტის ხარისხისა და მასზე მოთხოვნის ზრდის გაუმჯობესება მარკეტინგული ინიციატივების საშუალებით;
  4. ორგანული სოფლის მეურნეობისა და ბიოლოგიურად სუფთა საკვების პოპულარიზაცია და ზოგადად ორგანულ/ბიო წარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა როგორც პროექტის სამიზნე რეგიონებში, ასევე ეროვნულ დონეზე;
  5. ორგანული პროდუქტების მწარმოებლებისა და შემსყიდველი კომპანიების დაკავშირება, ბიოწარმოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ზოგადი კოორდინაცია, საზოგადოების ინფორმირება ორგანული პროდუქტების უპირატესობაზე და ზოგადად ორგანული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია;
  6. ბიოწარმოებაში დაშვებული და აუცილებელი საჭიროებების/რესურსების მიწოდება ფერმერებისთვის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად მიმართული ფინანსური მხარდაჭერა.

”საქართველოში ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად მიმართული ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყანას ორგანული სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ აუთვისებელია სასოფლო-სამეურნეო საშუალებებზე, კრედიტებზე, ბაზრებზე და ინფორმაციაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო. ახალი შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის და მცირე მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, სოფლის განვითარების მთავარი კომპონენტია. ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა არის დროული ნაბიჯი გამოწვევების დასაძლევად“ – განაცხადა ჰარცერმა.

განცხადება შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პროექტი GRETA ხელს უწყობს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, დასაქმებას და სხვა შესაძლებლობების შექმნას. 

”ჩვენ გვჯერა, რომ ძალების გაერთიანება უკეთეს შედეგს იძლევა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ გააერთიანა რესურსები პროექტ GRETA-ს სახით, მაღალმთიან რეგიონებში მცირე მეწარმეებისა და მცირე მასშტაბის გადამამუშავებელი საწარმოების მხარდასაჭერად. ამ რთულ დროს მსგავსი ტიპის მხარდაჭერის საჭიროება ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ასებული ვითარებისა, პროექტი GRETA წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას და ხელს უწყობს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, დასაქმებას და სხვა შესაძლებლობების შექმნას” – თქვა ტიდესტრომმა.

ავსტრიის ელჩის თქმით კი, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული სექტორია ავსტრია-საქართველოს თანამშრომლობისთვის.

”სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული სექტორია ავსტრია-საქართველოს თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე კრიზისულ პერიოდში სოფლის მეურნეობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დღესდღეობით, თანადაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, გამოცდილების გაზიარება, მცირე მეწარმეებისთვის და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, ეკონომიკური აღმშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა.” – განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ.

პროექტ GRETA-ს მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.

პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს, სააპლიკაციო ფორმა შეუძლია იხილონ ბმულზე.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 თბილისის დროით).

იტვირთბა....