საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა.
„ეს იყო ყველაზე საინტერესო შემთხვევები, რომლებიც კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვიხილეთ. ეს ინიციატივა მივიღეთ და ვთვლით, რომ არის ძალიან სწორი და კარგი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ასეთი პაციენტები შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და მას შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც, თუმცა გარემო პირობებიდან გამომდინარე და კოლეგებთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნებოდა პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის მათი იქ განთავსება. შემდეგ დღეებში უკვე ველოდებით სახელობით სიას იმ პაციენტებისას, რომელთა მკურნალობა გახანგძლივდა 14 დღეზე მეტი, მათ არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვირუსის ქცევა, გავრცელება და გადადების კოეფიციენტი როგორი არის ასეთ პაციენტებში, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტის სასარგებლოდ და ასევე უსაფრთხოების გამო, ეს პაციენტები გადავიყვანოთ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ განაგრძონ შემდეგი მეთვალყურეობა“, – განაცხადა მინისტრმა.
ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველომ მიმართა რამდენიმე პრაქტიკას, რომელიც ძალიან წარმატებულია და მსგავსი პრაქტიკა ჯერ არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
„ჩვენს პრაქტიკას გავაზიარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქვეყანა ჩვენს გადაწყვეტილებას მოიწონებს. გვქონდა, როგორც საკარანტინო ზონებში ყველა შემოსული მოქალაქის განთავსება და ამ შემთხვევით მნიშვნელოვნად შევზღუდეთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება და ის გავხადეთ კონტროლირებადი, სწორედ ასევე ვთვლით, რომ ეს იქნება გარკვეულად ახალი სახის ინიციატივა, ამას გავუზიარებთ უცხოელ კოლეგებს, მათგან პასუხსა და რეაგირებას დაველოდებით. სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს ტრენდი, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 511 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 168 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,089,948 მიაღწია. გარდაიცვალა 212,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 935,757 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.